კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი სოფელ იყალთოში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
თელავის მერიის ცნობით, სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის დაფინანსებით სრულდება. პროექტი საბავშვო ბაღის შენობის თბო- მოდერნიზაციასთან ერთად, განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას მოიცავს, რაც შენობის გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებას გულისხმობს (ვენახის ნასხლავი).
აღნიშნული პროექტი 2020 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.
სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი პირველი ენერგოეფექტური ბაღი იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
პროექტის საერთო ბიუჯეტი 822 281 ლარს შეადგენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.