ხარაგაულის კანალიზაციის სისტემის პროექტირება-მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია

498

დაბა ხარაგაულში წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ (დირექტორი ზურაბ ბარჯაძე) 1 890 360 ლარად განახორციელებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულმა მშენებელმა დაბა ხარაგაულის წყალარინების სისტემის დეტალური პროექტი 3 თვეში უნდა მოამზადოს, ხოლო ამ პროექტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები 5 თვეში უნდა დაასრულოს.

ჯამში, პროექტირება-მშენებლობისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეა განსაზღვრული.

დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა, სხვა ქუჩების პერსპექტივაში ჩართვის უზრუნველყოფით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის განახლებამდე უნდა მოეწყოს.

ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა, წლებია, მოუწესრიგებელია, რაც დაავადებათა გავრცელების საშიშროებასაც კი ქმნის.