რუსთავის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა. სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარების, გარე განათებისა და სარწყავი სისტემის მოწყობა იგეგმება. ასევე, შენობასთან დამონტაჟდება დროშები.
ამასთან, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ “ინფო რუსთავთან” საუბრისას აღნიშნა, რომ შენობის მიმდებარედ არსებული სივრცე, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, მცირე რეკრეაციულ ზონად იქცევა. ზაზაძის თქმით, ტერიტორიაზე მოსასვენებელი დეკორატიული სკამები, დეკორატიული ღობეები და ნაგვის ურნები განთავსდება.
მუნიციპალიტეტის მერიამ იმ კომპანიის შესარჩევად, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებთან ერთად რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციას ჩაატარებს, საერთო ტენდერი გამოაცხადა.
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 1 თებერვალს დასრულდება, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი სამუშაოების შესრულებისთვის 210 დღე მიეცემა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება, რომელიც სატენდერო პირობებში პირველ ეტაპზეა წარმოდგენილი, 2 834 000 ლარს შეადგენს.