“ენგურჰესი“ 20 იანვრიდან გაჩერდება

438

რეაბილიტაციის გამო “ენგურჰესი“ 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, გვირაბის რემონტის გამო ჰესი 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე შეწყვეტს მუშაობას.

„ჰესის რეაბილიტაციის სხვა სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად საუბარია გვირაბის რემონტზე, რომელიც ჰესის გაჩერებას მოითხოვს. „ენგურჰესი“ გაჩერდება 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე“, – აღნიშნა ლევან მებონიამ.

მისივე თქმით, ჰესის გაჩერების პერიოდში ქვეყანას 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება. ცნობისთვის, თავდაპირველად 2018 წელს EBRD-მა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონიანი სესხი გამოყო. ამასთან, გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყო და შესაბამისად, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციოდ ჯამში EBRD-ის მიერ გამოყოფილი 38 მილიონი ევროს მოცულობის 1%-იანი სესხი დაიხარჯება.

რაც შეეხება საკითხს, როგორ მომარაგდება „ენგურჰესის“ გაჩერების პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთი, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიას მიიღებს და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება.

„ენგურჰესის“ გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია. რაც შეეხება, ამ პერიოდში როგორ მოხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება, იქ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ისინი იღებენ იმპორტულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც მათი მხრიდან ხორციელდება, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.