ხარაგაულის ახლადაშენებული ბაღების ავეჯის შესაძენად ტენდერია გამოცხადებული

430

ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღებისთვის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ავეჯის შეძენას აპირებს. ამ მიზნით ტენდერი  18 200 ლარზეა გამოცხადებული. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.

განსაზღვრულია აღსაზრდელებისა და აღმზრდელებისთვის სკამების, ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის მაგიდების, საბავშვო საწოლების, სხვადასხვა სახის კარადების (საოფისე, სანიტარული, სათამაშოების, თეთრეულის, სამზარეულოს, პროდუქტების შესანახი, ბავშვებისა და აღმზრდელების ტანსაცმლის საკიდი) შეძენა. ავეჯის დიზაინი და ფერები გაერთიანების ადმინისტრაციასთან წინასწარ უნდა შეთანხმდეს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ბაღებს ავეჯი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა მიაწოდოს.

ვერტყვიჭალასა და საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღები ახლახან აიგო. აღანიშნავია, რომ საღანძილეში ამ დრომდე საბავშვო ბაღი არასოდეს ყოფილა.

გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის, ინფორმაციით, ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ახლადაგებულ შენობაში განაახლებენ სწავლას, როგორც კი ბაღები სააღმზრდელო პროცესის ჯგუფებში გაგრძელების რეკომენდაციას მიიღებენ.

„საღანძილის საბავშვო ბაღი აღსაზრდელთა ერთი ჯგუფისთვის, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაიხსნება. საბავშვო ბაღის გამგე და ორი დარაჯი უკვე დაინიშნა.

საღანძილის ბაღის გამგე თამარ კიკნაძემ აღსაზრდელთა ჯგუფი უნდა დააკომპლექტოს და შერჩეული თანამშრომლების დატრენინგებას ხელი შეუწყოს. ვიმედოვნებთ, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი, ტრადიციული ფორმით, მალე განახლდება“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.