გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს 2020 წელს თანხები გაუხარჯავი დარჩა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მიზეზად სააგენტოს ხელმძღვანელი პანდემიას ასახელებს. გელა კაპანაძის განცხადებით, დაგეგმილი და შემდეგ არ შემდგარი ღონისძიებების გამო კონკრეტული მიმართულებით საჭირო ფინანსები ვერ გაიწერა, მათ შორის იყო გორის დღეებისა და ახალი წლისთვის დაგეგმილი კონცერტები, რომლებიც გასულ წელს არ ჩატარებულა.
ამ თემებზე სააგენტოს ხელმძღვანელმა გადაცემაში “რეპორტი” ისაუბრა. გელა კაპანაძემ აქვე აღნიშნა, რომ თანხების შემორჩენის მიუხედავად, 2020 წელს თანამშრომლებზე ჯილდოები არ გაცემულა.
“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღირსეული თანამშრომელი გვყავს და რისკებისა და საფრთხეების ფონზე პანდემიის პერიოდში მაინც მუშაობდნენ ჯილდო-დანამატები სააგენტოში არ გაცემულა. 2020 წლის ბიუჯეტში თანხები შემოგვრჩა, რადგან ბევრი ღონისძიება რაც გვქონდა დაგეგმილი პანდემიის გამო ვერ განხორციელდა. ბუნებრივია ამ თანხებს ჩვენ სახელმწიფოს უკან ვუბრუნებთ. რაც შეეხება 2021 წლის ბიუჯეტს, წელსაც ჩვენი დაფინანსება 2 მლნ 410 ათასი ლარი იქნება, თუმცა რაში რა გაიწერება ამ დროისთვის ვერ გეტყვით, ვმუშაობთ ამ საკითხზე. ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე”,-აღნიშნა გელა კაპანაძემ.