ახალციხეში, სოფელ აწყურში ადგილობრივებს შიდა გზების პრობლემა აწუხებთ. მათი თქმით, გადაადგილება განსაკუთრებით წვიმიან და თოვლიან ამინდში უძნელდებათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„როცა წვიმს, ან თოვლია მაშინ გვაქვს პრობლემა. ისევ ადგილობრივები ცდილობენ ხოლმე ბარებით და თოხებით გამოდიან ხრეშს ყრიან, მაგრამ მაინც არ შველის, კარგი იქნება თუ მოაწესრიგებენ, ერთი თვის წინ ამ პრობლემის გამო მანქანა გავყიდე, სახლამდე მისვლა მიჭირდა“, – ამბობს რუსუდან ღონღაძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ შიდა გზების პრობლემა აწყურში მცხოვრებ ყველა ოჯახს აწუხებს, მაგრამ აღნიშნულთან დაკაშირებით ხმამაღლა საუბარი არ სურთ.
აწყურში მერის წარმომადგენლის, რომან გორგაძის თქმით, მიმდინარე წელს სოფელში შიდა გზების მოწესრიგება გეგმაში არ აქვთ, რადგან გაზაფხულიდან სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწესრიგება იგეგმება.
„სოფლის შიდა გზები მაშინ გაკეთდება, როცა სასმელი წყლის შიდა ქსელის პრობლემა მოგვარდება. შიდა ქსელი სოფელში 1972 წელს გაკეთდა და დაზიანებულია მილები. ჯერ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს რომ შემდეგში გზა გაკეთდეს“, -ამბობს მერის წარმომადგენელი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის განცხადებით, აწყურში სასმელი წყლის შიდა ქსელის გასაკეთებლად პროექტი უკვე მზადაა.
„2021 წლის ბიუჯეტში, აწყურის სასმელი წყლის შიდა ქსელი გაკეთდება. პროექტი მზად გვაქვს, ჯერ გავაკეთებთ წყალს და შემდეგ დავიწყებთ გზის მშენებლობას. თანხა დაახლებით 400 ათასის ფარგლებშია გამოყოფილი“, – განმარტა მელიქიძემ.