გორის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამას 2021 წელსაც აგრძელებს, თუმცა შემცირებული თანხით. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულების 90%.
“გარდა პროექტის საერთო ღირებულების 90%-ისა, თვითმმართველობა აგრძელებს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილის სრულად დაფარვასაც. თანადაფინანსების გაცემა მოხდება ამხანაგობის მიერ მერიაში შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში. თანადაფინანსების პროგრამა საუკეთესო ბერკეტია, რომლის საშუალებითაც თვითმმართველობას პრივატიზებული საცხოვრებელი სახლების კანონიერად დახმარება შეუძლია. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეების აქტიური ჩართულობითა და მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ხორციელდება პატარ-პატარა ინფრასტრუქტურული პროექტები მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. “,-აცხადებენ მერიაში.
2020 წელს პროგრამის ფარგლებში 32 პროექტი განხორცილდა. მათ დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 544 ათასი ლარი გამოიყო. წელს კი ბიუჯეტის მიხედვით აღნიშნული მიმართულებით 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.