განათლების სამინისტრო: სოფლად არსებულ სკოლებში ინტერნეტით უზრუნველყოფა ეტაპობრივად განხორციელდება

1808

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სოფლად არსებულ სკოლებში ინტერნეტით უზრუნველყოფა ეტაპობრივად განხორციელდება. როგორც მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, განათლების სამინისტრო ცდილობს, მაქსიმალურად მოიძიოს ყველა ის სერვისი და დანერგოს, რაც მოსწავლეებისთვის განათლებას ხელმისაწვდომს გახდის.

„იმ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინტერნეტი, ეს არის ცალკე მიმართულება, რომელიც სოფლებში ეტაპობრივად განხორციელდება. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს პრიორიტეტი განათლებაა. იმ სოფლებში, სადაც არის სკოლები, პირველ რიგში ინტერნეტის შეყვანა მოხდება. ეს არის გაწერილი გრაფიკი, რომელსაც ასევე ჩვენი სხვადასხვა უწყებები მსოფლიო ბანკთან ერთად ახორციელებენ.

მე ასევე ხაზი გავუსვი „ტელესკოლას“, რომელიც ერთ-ერთი სერვისია, რომ ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში ჩავწერეთ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც სკოლამ უნდა უზრუნველყოს იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა არ აქვს. აქ არის კომუნიკაცია, მასწავლებელს, დამრიგებელს, სპეცმასწავლებელს შორის თავის მოსწავლეებთან ერთად. ეს იქნება სატელეფონო კომუნიკაცია და დავალებები სხვადასხვა ფორმით, რომელიც არის შესაძლებელი. განათლების სამინისტრო ცდილობს, მაქსიმალურად მოიძიოს ყველა ის სერვისი და დანერგოს, რაც მოსწავლეებისთვის განათლებას ხელმისაწვდომს გახდის“,- განაცხადა დგებუაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უწყებას გაუჭირდება დაზუსტებით იმის თქმა, ყველა მოსწავლისთვის ტექნიკური აღჭურვილობა მოწესრიგებული არის თუ არა. ეკატერინე დგებუაძის თქმით, განათლების სამინისტრო ამ საკითხზე მოკვლევას მუდმივად ატარებს.

„განათლების სამინისტრო მუდმივად ატარებს მოკვლევას სხვადასხვა ტექნიკურ აღჭურვილობაზე წვდომასთან დაკავშირებით. ჩვენ გაგვიჭირდება ვთქვათ, რომ დღეს ქალაქში ყველა მოსწავლეს ტექნიკური აღჭურვილობა მოწესრიგებული აქვს, თუმცა, არსებობს ხელმისაწვდომობისთვის განსხვავებული სერვისები, რომელიც განათლების სამინისტრომ შექმნა“,-განაცხადა დგებუაძემ.