წელს პირველად IV-IX კლასის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს დაწერენ. სამინისტროს განცხადებით, დიაგნოსტიკური შეფასება მასწავლებლებს მომავალი წლის სწორად დაგეგმისთვის სჭირდებათ და შედეგი მოსწავლეების ნიშნებზე არ აისახება.
„ეს არის კომპლექსური ბუნების დავალება, რომელსაც მასწავლებელი თავისვე მოსწავლეებს აძლევს გასაკეთებლად. მასწავლებელი დაინახავს სად აქვს საგანმანათლებლო დანაკარგი და შესაბამისად დაგეგმავს მომავალი წლისთვის სასწავლო პროცესს. დიაგნოსტიკური შეფასება მნიშვნელოვანია პოსპანდემიური პერიოდისთვისაც. პანდემიის გამო, საგანმანათლებლო სისტემას გარკვეული დანაკარგი აქვს. ეს რომ დაინახოს სკოლამ და მასწავლებელმა ამიტომ კეთდება შეფასება“, – ამბობენ საქართველოს განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ჯგუფში.
მოსწავლეების დიაგნოსტიკური შეფასება განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო რეფორმების ფარგლებში გადაწყდა. ისინი კომპლექსურ დავალებებს თითქმის ყველა საგანში დაწერენ, გამონაკლისია კომპიუტერული ტექნოლოგიები და მეორე უცხო ენა.
დავალებებს მოსწავლეები სემესტრის დასრულებამდე დაწერენ.