გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა 2020 წელი შეაფასა და შესაბამისი ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში მოცემულია მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში პანდემიის ფონზე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია და გაწეული სამუშაოები.
„მალე შემობრძანდება ახალი 2021 წელი. მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. ახალი წლის დადგომამდე შევაჯამე მიმდინარე წელი და წარმოგიდგინეთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
სამწუხაროდ, როგორც მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის 2020 წლის მთავარი გამოწვევა კოვიდინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
თქვენი დიდი მხარდაჭერის გარეშე, მიმდინარე წელს პანდემიის ფონზე ვერ შევძლებდით დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას ვუხდი.
დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობის საქმიანობაში თქვენს აქტიურ ჩართულობას. ეს არის ადგილობრივი ბიუჯეტის თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგების ერთადერთი საშუალება.
დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს აღარ მოგვიწევს ვირუსთან ბრძოლა და ჩვენ ერთად ბევრად მეტი, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ.
მადლობა ასევე მხარდაჭერისთვის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გორის მერიისა და მუნიციპალური ორგანიზაციების (აიპების) თანამშრომლებს.
მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ დღეს მე თქვენთვის ბევრი სათქმელი დამიგროვდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რიგი ღონისძიებები უკვე განხორციელდა და ნაწილი ახლაც მიმდინარეობს.
უწყების თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე 12 მარტიდან გადავიდნენ. აღნიშნულის მიუხედავად, ისინი დღემდე 24-საათიანი გრაფიკით აგრძელებენ მუშაობას და მოსახლეობას აწვდიან ყველა საჭირო მუნიციპალურ სერვისს.
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გაზაფხულზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მომართვიანობა. ამოქმედდა ცხელი ხაზი. უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით შეძენილი სასურსათო პროდუქტები 3000 ოჯახს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტები მერიას უამრავმა კერძო ორგანიზაციამ და ფიზიკურმა პირმა გადასცა, რომლებიც ასევე იგივე კატეგორიის 3000 – მდე ოჯახს გაუნაწილდა. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველას ქველმოქმედებისთვის.
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 6000 – მდე აღსაზრდელმა კუთვნილი საკვები რამდენჯერმე, არამალფუჭებადი პროდუქტების სახით მიიღო. პატარებისთვის საკვების გადაცემა შეზღუდვების მეორე ეტაპის ფარგლებშიც მიმდინარეობს.
გორის მერია ასევე აგრძელებს სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების ტრანსპორტირებას. აღნიშნული სერვისი ხორციელდებოდა შეზღუდვების პირველ ეტაპზეც.
მოქალაქეებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ დიალიზის პროცედურა, 3 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) მათი ტრანსპორტირების ხარჯები მერიამ დააფინანსა.
ინტენსიურად ხორციელდებოდა სპეციალური ხსნარებით სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც გორის ქუჩებსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე ადმინისტრაციულ შენობებში, დევნილთა ჩასახლებებში, სკვერებში, დასასვენებელ სივრცეებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში.
უწყების თანამშრომლები მუნიციპალიტეტის მასშტაბით უზრუნველყოფდნენ საჭირო რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს იმ ობიექტებში, რომლებიც აგრძელებენ ეკონომიკურ საქმიანობას.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვის მიზნით, მერია ინტენსიურად აფრთხილებდა მოსახლეობას. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოძრაობდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ხმოვანი შეტყობინებით მოუწოდებდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ. აღსანიშნავია, რომ გაფრთხილებას ეთნიკური უმცირესობები მათთვის გასაგებ ენაზე ისმენდნენ“ ,- ნათქვამია მერის ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, 2020 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 5 მნიშვნელოვან პრიორიტეტზე გადანაწილდა. ესენია: ინფრასტრუქტურა; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; განათლება; გარემოს დაცვა; სოციალური სფერო.
გასული წლის მსგავსად მიმდინარე წელსაც ადგილობრივი ბიუჯეტის 50%-ზე მეტი მოხმარდა ინფრასტრუქტურის განვითარებას. გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღების, სკოლების სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაციას. ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 36 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადანაწილდა.
ჯამში განხორცილდა 26,6 კმ – ზე მეტი გზის სრული რეაბილიტაცია. აქედან მუნიციპალიტეტის სოფლებში 19,8 კმ, გორში კი 15 ქუჩისრეაბილიტაცია(ზოგიერთი ნაწილობრივ) მოხდა.
დაიგეგმა სასმელი წყლის სისტემის მოწყობა 14 სოფელში, სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა 4 სოფელში და გორში, გარეგანათება 64 სოფელში მოეწყო; აშენდა საბავშვო ბაღი სადგურის დასახლებაში; 20 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; მოეწყო 15 სპორტული მოედანი.
მერის ანგარიშის მიხედვით, ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა სამუშაოების მორიგი ეტაპი. 2020 წელს განხორციელდა სარეალიზაციო და საგამოფენო სივრცისა და სანიტარული კვანძის მშენებლობა. მიმდინარეობს ველობილიკების მოწყობა და ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია. პროექტის ჯამური ღირებულება 2 087 991 ლარია. ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 2017 წელს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის სახით 1 800 000 ლარი გამოყო. გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 287 991, 36 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 38 (2 980 000 ლარი) ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მოსახლეობას ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ასევე მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობის ხელშეწყობას, განხორციელდა 1 596 000 ლარის ღირებულების 120 პროექტი.
ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში განხორციელდა 18 პროექტი. მერიის თანადაფინანსების წილმა 272 616 ლარი შეადგინა. თანადაფინანსების ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90% – იანი წილობრივი მონაწილეობით მოსახლეობას საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.
სოციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს, ისარგებლა 3 500 – მდე ბენეფიციარმა. დაფინანსებამ შეადგინა 1 870 000 ლარი.
სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება ისეთი ორგანიზაციების პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2020 წელს განხორციელდა 10 ასეთი სოციალური პროექტის თანადაფინანსება.
გარდა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისა, გორის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ პროექტების თანადაფინანსებას, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნული მიმართულებების განვითარებას ადგილობრივ დონეზე.
დაიხურა 25 – მდე სტიქიური ნაგავსაყრელი, მუნიციპალიტეტს ემატება 333 ახალი ნაგვის ურნა.
გორში აშენდა ავტობუსების სადგომი, ცხოველთა თავშესაფარი და მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან.
გორში პირველად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რითაც ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდება.
უკვე გადმოგვეცა 25 ახალი ავტობუსი. ჯამში გორისთვის 30 სატრანსპორტო საშუალებაა გათვალისწინებული. თითოეული 50 მგზავრზეა გათვლილი. 2021 წლის გაზაფხულამდე კი, ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 12 ერთეული 83 მგზავრზე იქნება გათვლილი. ყველა მათგანი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მუნიციპალიტეტს დაწყებული აქვს ავტობუსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. სატრანსპორტო საშუალებები გორს მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა.
გორის მერიამ წელს ორი გრანტი მოიპოვა. ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა (358 844 ლარი) და მუზეუმების განვითარების (62 056 ლარი) მიზნით. უწყებამ ორივე გრანტი USAID-ის პროექტის მხარდაჭერით მოიპოვა. მადლობა USAID-ის პროექტს შესაძლებლობებისთვის.
მერიამ ელექტრონული მმართველობის ახალი სისტემა დანერგა, რისი საშუალებითაც მოსახლეობას შეუძლია უწყებასთან დისტანციური თანამშრომლობა. მოქალაქეს ასევე შეუძლია აღნიშნული სისტემის მოდულებით სარგებლობა. ms.gov.ge – მიმართეთ მერიას განცხადებით; ms.gov.ge – ისარგებლე ონლაინ დახმარებით; idea.municipal.gov.ge – მიწერე იდეა მერს. build.municipal.gov.ge – გაეცანი პროექტებს.
ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით მერიაში ახალი სტრუქტურული ერთეული შექმნა. თუ, თვლით რომ ოჯახში ირღვევა ბავშვის უფლება, ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას და მიმართეთ გორის მერიას.
გორის მერიამ საპრიზო ადგილი მოიპოვა კონკურსში „საუკეთესო ონლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე – 2020“. კონკურსი პროექტის „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.