ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს სხდომაზე 30 დეკემბერს გაიტანენ

447

ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს საკრებულოს ბოლო სხდომაზე უყრიან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მერია დოკუმენტს დეპუტატებს 30 დეკემბერს წარუდგენს. პროცესი წელსაც ოპოზიციის გარეშე ჩაივლის. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს ბოიკოტის მიზეზით არც პროექტის განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა. შესაბამისად, აღმასრულებელთან არც შენიშვნები წარუდგენიათ.

ბიუჯეტის პროექტთან შინაარსობრივი შენიშვნები არ აქვს არც უმრავლესობას. საფინანსო სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის თქმით, ყველა შენიშვნა ტექნიკური ხასიათისაა.

“იყო ძალიან მცირე შენიშვნები, მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ ყოფილა. საკრებულომ მხოლოდ ტექნიკური შენიშვნებით დაგვიბრუნა დოკუმენტი, რაც, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ. უკვე დავაბრუნეთ და საკრებულოს სხდომაზე ველოდებით დამტკიცებას”, -განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.

მომავალი წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 60 860 500 ლარია. პროექტში პრიორიტეტად ისევ ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულებებია დასახელებული.