„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, უკვე 10 თვეა, მწვავე ფინანსურ კრიზისში იმყოფებიან. ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ Facebook-განცხადებაშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ „ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია“. საქმე იმაშია, რომ მოქმედ ტარიფს, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა, ვადა ეწურება და უახლოეს დღეებში სემეკი ახალ ტარიფს დაადგენს. ის ძალაში 2021 წლის იანვრიდან შევა.
“ენერგო პრო ჯორჯიას” განცხადების კომენტირება მედიამ დღეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას სხთოვა. ის ამბობს, რომ მთავრობა სემეკის კომპეტენციაში არ ჩაერევა.
„გასაგებია, რომ ფინანსური კრიზისი შეეტყო ბევრ კომპანიას, მათ შორის საქართველოში. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, კანონმდებლობის თანახმად, ტარიფიკაციის დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი მარეგულირებელი – სემეკი, რომელი თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანეელობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს, ხოლო მეორე მხრივ, ენერგოკომპანიებს მისცემს საშუალებას, რომ უსაფრთხოდ მიაწოდონ ელექტროენერგია როგორც მოსახლეობას, ისე კომერციულ აბონენტებს. ტარიფების დათვლა სემეკის კომპეტენციაა და ჩვენ არ ჩავერევით მის კომპეტენციაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.