ტიკარაძე: 2020 წლის მანძილზე ახალი საცხოვრებელი ფართი 2 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა

411

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

„პროფესიული განათლების, დასაქმების, თვითდასაქმების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, 400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდა. 2021 წელს სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის 2 200 ახალაშენებულ ბინას და 1 200 სოფლად სახლს შეისყიდის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წელს გაწეული საქმიანობის პრეზენტაციისას ყურადღება სოციალური მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება.

„ჩვენი მიზანია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის პანდემიით გამოწვეული სოციალური რისკები მინიმუმამდე იქნას შემცირებული. ამისათვის გამოცხადდა მორატორიუმი და დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება.

გარდა ამისა პანდემიის სირთულეების მიუხედავად, ყველა მოქალაქემ შეუფერხებლად მიიღო მისთვის განკუთვნილი სახელმწიფო გასაცემლები, რასაც დაემატა მოსახლეობის მხარდამჭერი გეგმით განსაზღვრული სუბსიდიები. ამ მიმართულებით უკვე ისარგებლა 1 700 000-ზე მეტმა პირმა, რისთვისაც სახელმწიფოს მეირ გაიცა 492 000 000 ლარზე მეტი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.