ტყის ეროვნული აღრიცხვის 2020 წლის შემაჯამებელი საჯარო ონლაინ შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გახსნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია 2019-2020 წლებში განხორციელებული საველე სამუშაოების, მისი ანალიზის, შედეგებისა და 2021 წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის დანერგვის განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე. როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, სამინისტრომ შეძლო და საქართველოს 6 რეგიონში სრულად და კახეთში ნაწილობრივ დაასრულა ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის სამუშაოები.
„2021 წელს, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები დასრულდება და განხორციელდება მიღებული მონაცემების დამუშავება. ტყის ეროვნული აღრიცხვიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტყეების მდგომარეობის მონიტორინგი. მიღებული მონაცემების ანალიზი საშუალებას მოგვცემს, შევიმუშაოთ სატყეო სექტორის განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიები და ვაწარმოოთ გამართული და მოქნილი საერთაშორისო ანგარიშგება”, – განაცხადა იური ნოზაძემ.
2019-2020 წლებში, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები ჩატარდა გურიის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის ა/რ-ის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებულ ტყეებში და კახეთის ტერიტორიაზე არსებულ ტყის ნაწილში. 2021 წლისთვის, დაგეგმილია პროექტის დასრულება და დარჩენილი (ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და კახეთის დარჩენილი ნაწილი) რეგიონების აღწერა.
,,აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, საქართველოში და კავკასიის რეგიონში პირველად, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, დაიწყო ტყის ეროვნული აღრიცხვა. სპეციალურად ამ პროცესისთვის შემუშავდა მეთოდოლოგია და ტექნიკური დოკუმენტაცია. მთავარ მიზანს სახელმწიფოსთვის ტყის მონიტორინგის ეროვნული სისტემის ფუნქციონირება და ქვეყანაში არსებულ ტყეებზე მონაცემთა სარწმუნო ბაზის შექმნა-გამოყენება წარმოადგენს. ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია სჭირდება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და წარმოადგენს საფუძველს, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.