ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

955

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ის თავს კარგად გრძნობს.

“შესაბამისი მითითებების თანახმად, ასლან ბჟანია გადავიდა იზოლაციაში. მუშაობას დისტანციურად, სოხუმის რეზიდენციიდან განაგრძობს”, — აცხადებენ ბჟანიას პრესსამსახურში.

დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მათი განცხადებით, რეგიონში დღემდე ინფიცირების 8 459 შემთხვევაა დაფიქსირებული. დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ ჯამში გამოჯანმრთელდა 6 726 და გარდაიცვალა 108 ადამიანი.

უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.