ელენე ნიჟარაძე: ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ამას შეუძლია ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან – პირადად ჩემთვის, შეცდომა იყო ძალიან მძიმე

463

ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ეს მიზნად ისახავს და შეუძლია ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაშვებული ხარვეზი მისთვის ძალიან მძიმე შეცდომა იყო.

„ჩვენ თავიდანვე მზად ვიყავით და ვიცოდით, როცა საზოგადოებასთან ამ ინფორმაციის კომუნიკაცია მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა მღელვარებას, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი რაღაც იყო დაშვებული PVT-ის შედეგებში. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ყველაფერი მაქსიმალურად უშეცდომოდ იყოს გაკეთებული და გვაქვს მაღალი სტანდარტი, მაგრამ ჩვენთვის ასევე ძალიან მაღალი სტანდარტია გამჭვირვალობა და მივიჩნიეთ, რომ რაც არ უნდა მცირე ხარვეზი ყოფილიყო, ამის შესახებ საზოგადოებას უნდა სცდონოდა, მაგრამ რადგან ამან ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გაჩნდა კითხვის ნიშნები ორგანიზაციის რეპუტაციასთან დაკავშირებით, ჩავთვალე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაცია. ამ ორგანიზაციაში 9 წლია ვმუშაობ და ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი ძალიან ხარისხიანად ვაკეთებდი. ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ეს მიზნად ისახავს და შეუძლია ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან. პირადად ჩემთვის, შეცდომა იყო ძალიან მძიმე“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.