ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ISFED-ის ბორდის წევრმა თამარ სართანიამ დაადასტურა.
მისივე თქმით, უფრო მეტი დეტალის შესახებ ხვალ ჩანიშნულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
“უბრალოდ ის ინფორმაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ელენე აღარ არის დირექტორი და დანარჩენზე ხვალ ჩანიშნულ ბრიფინგზე ვისაუბრებთ. ელენესთან ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია და ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვქონდა ნამდვილად“, – განაცხადა თამარ სართანიამ „ფორმულას“ ეთერში.
ინფორმაციისთვის, დღეს 13:00 საათზე, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) ცენტრალურ ოფისში ორგანიზაციის გარშემო მიმდინარე საკითხების შესახებ ISFED-ის გამგეობის პრესკონფერენცია გაიმართება.
შეგახსენებთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.