აჭარის უმაღლეს საბჭოში საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის საკითხი განიხილეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ფრაქციის 14-ვე წევრმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა და მათ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომას თავმჯდომარე გიორგი მანველძე უძღვებოდა. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკურ გუნდს გამოცხადებული ნდობისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და რეგიონისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრა.
„ჩვენ ყველას ხელისუფლება ვართ, მიუხედავად იმისა, მოგვცეს თუ არა ხმა“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
მან ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად პანდემიის ფონზე, სწორი გადაწყვეტილებებით მოსახლეობის სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათი სოციალური დაცვა, ხოლო პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფი, ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკით, ტურიზმისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების ხელშეწყობით, უმუშევრობის მინიმუმადე შემცირება დაასახელა, რაც მისივე განცხადებით, გუნდურობის პრინციპებით მიიღწევა.