კულტურა და სპორტი არის ჩვენი ყოველდღიური სოციალური, კულტურული ცხოვრების ისეთი მიმართულებები, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა.
დეპუტატების კითხვაზე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რა როლი ენიჭება კულტურას, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი როლი ენიჭება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, თანამედროვე საქართველოში, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული მიღწევები, თუმცა ყველამ უნდა ვაღიაროთ და ღიად გამოვუტყდეთ ერთმანეთს, რომ კულტურა და სპორტი არის ჩვენი ყოველდღიური სოციალური, კულტურული ცხოვრების ისეთი მიმართულებები, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. საბედნიეროდ, დღეს, საქართველოს, ხშირ შემთხვევაში, იცნობენ, როგორც კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლების მიღწევებით. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყველას კარგად გვესმის, რომ კულტურის სფეროს ინტეგრირება საერთო ევროპულ ოჯახთან არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ, აუცილებლად გვჭირდება კულტურის კომერციალიზაცია. არ ვიტყვი, რომ ეს არის კულტურის გადარჩენის ერთადერთი გზა და საშუალება, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, შეიქმნას ყველანაირი პირობა, კულტურის სფეროს კომერციალიზაციის დასახმარებლად.
“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენნაირი ეკონომიკების პირობებში ეს არის აუცილებელი პირობა, რითაც ჩვენი კულტურის სფეროს უნდა დავეხმაროთ, შევქმნათ ყველანაირი პირობა, ინფრასტრუქტურა და ეკოსისტემა იმისთვის, რომ კულტურის სფეროს კომერციალიზაციას მივეხმაროთ. მაგრამ, ვიდრე ეს არ მომხდარა, კულტურის სფერო დღეს, ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში სპორტი, თუმცა სპორტის კომერციალიზაცია უფრო ეფექტურად მიმდინარეობს, პირდაპირ არის დამოკიდებული სახელმწიფოს მხარდაჭერაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩანს, რომ პანდემიის პირობებში კულტურის სფეროს წარმომადგენლები დარჩნენ დახმარების გარეშე, ბევრი რაღაც იქაც გაკეთდა. კულტურის სფეროს ბევრ დაწესებულებას ფინანსური მხარდაჭერა გაეწია, მიუხედავად იმისა, რომ სრულად იყვნენ გაჩერებულები, რათა თანამშრომლები არ გაეშვათ. ეს შეიძლება იყოს მუზეუმები, თეატრები და კიდევ ბევრი რამ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ფუნქციონირებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, გასაგრძელებელი და გასაძლიერებელია. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკვე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები, კონკურსები იქნება, გამოფენები თუ სხვა რამ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ეკონომიკური და ტურისტული შემადგენელი ნაწილი დღეს ამას არ აქვს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რათა მიმდინარე დონეზე მაინც შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები ამ სფეროში. კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, ვნახავთ. მერწმუნეთ, არ დაგვვიწყებია, უბრალოდ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ქვეყნის ბიუჯეტი საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშეა და მაქსიმალურად ვცდილობთ, სამართლიანად და იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა, მივეხმაროთ. მოვალთ კულტურამდეც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.