ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, არასასურსათო სავაჭრო სექტორი ძალიან მკაცრი რეგულაციების დაცვით გაიხსნა და მასზე კონტროლი მიმდინარეობს. ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი პერიოდულად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.
„ჩვენ ძალიან სწორი და დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანა იყო და არის პანდემიის შეკავება და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. თუმცა პერიოდულად ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როდესაც ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორს ამოსუნთქვის საშუალებას ვაძლევთ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ რისკებს, რა თქმა უნდა, შეიცავს. დღეს, ძალიან მკაცრი რეგულაციების დაცვით გაიხსნა არასასურსათო, სავაჭრო სექტორი – მოლები, მცირე მაღაზიებიც. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დიდი დამსაქმებელი სექტორია და რა თქმა უნდა, ეკონომიკაში დიდი შემომტანი ვაჭრობაა. ამიტომ ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ძალიან მკაცრი კონტროლით მიმდინარეობს”, – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, სავაჭრო ობიექტები დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით იმუშავებენ, სამუშაო საათები კი 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრა.