საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ბარიერგადალახულ პარტიას ცესკო-სთვის განცხადებით მიმართვა აღარ დასჭირდება.
ეს და კიდევ სხვა ცვლილებები აისახა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში, რომელიც დღეს პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტი რიგგარეშე სესიაზე დასმული წინადადებების შესაბამისად გადამუშავდა და ის პირველი მოსმენით სახეცვლილი სახით დაამტკიცეს.
„დაფინანსების შეჩერებისთვის განსაზღვრული იყო ერთწლიანი ვადა, რომელიც ერთი წლიდან ექვს თვემდე შემცირდება ანუ პარტიებს დაფინანსება ერთი წლის ნაცვლად, ექვსი თვით შეუჩერდებათ. ასევე პროექტის პირვანდელი რედაქციის მიხედვით, პარტიებს დაფინანსება დეკემბერში გაცდენების გამოც უჩერდებოდა. ახლა დეკემბერი აღარ ითვლება. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს დარჩებათ მთელი სესია, ივნისის ბოლომდე პერიოდი და თუ ივნისის ბოლომდე გადაწყვეტენ, საბოტაჟზე უარი თქვან, ამ შემთხვევაში მათ დაფინანსება მთლიანად შეუნარჩუნდებათ და მთელი შემდეგი პერიოდისთვის არაფერი მოაკლდებათ. თუკი კვლავაც საბოტაჟის რეჟიმს გაყვებიან, მათ დაფინანსება შემდეგი ექვსი თვით შეუჩერდებათ. ასე გაგრძელდება ყოველი ექვსი თვე. როგორც კი საბოტაჟის რეჟიმიდან გამოვლენ, დაფინანსება მაშინვე აღუდგებათ. თუკი სადეპუტატო უფლებამოსილება პარტიის წარმომადგენელთა ნახევარზე მეტს შეუწყდება, ამ შემთხვევაში დაფინანსება მთლიანად შეწყდება, თუმცა ეს მეორე საკითხია და აქაც გვაქვს სივრცე იმისთვის, რომ სათანადო ზომები მივიღოთ“, – განმარტა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავენ.