თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს უკანონოდ ჰქონდა მიტაცებული მიწა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერიამ ადამიანები საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა.
კახა კალაძის განმარტებით, არსებობს ვიდეოკადრები და საბუთები, თუ რა ქონებებს ფლობენ ეს ადამიანები.
„ერთ-ერთი თანამშრომელია, კონკრეტული ადამიანის მეუღლე, რომელმაც სახელმწიფო მიწა მიიტაცა და უკანონოდ დატაცებული ჰქონდა შენობა-ნაგებობა. რაც შეეხება ზოგადად დემონტაჟის ფაქტს, ამასთან დაკავშირებით 18 დეკემბერს დედაქალაქის მერიაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ნაჩვენები იყო ფოტომასალა, ვიდეოკადრები იქ არსებული რეალური სურათის, თუ რა ხდებოდა. საუბარი იმაზე, თითქოს ხალხი საცხოვრებელი სახლებიდან გამოვიყვანეთ, ძალიან დიდი ტყუილია, როგორც ეს აფრიკის დასახლების შემთხვევასთან დაკავშირებით ხდებოდა, თითქოს, ადამიანები საცხოვრებელი სახლის გარეშე დავტოვეთ. ეს არასწორი ინფორმაცია და ძალიან დიდი ტყუილია. არსებობს ვიდეოკადრები და საბუთებიც შემიძლია მოგაწოდოთ, თუ რა ქონებებს ფლობენ ეს ადამიანები“,-განაცხადა კალაძე,
კალაძის თქმით, ის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, ეს ადამიანები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ საცხოვრებელი ფართი არ აქვთ.
„ეს არის მუნიციპალური მიწები და ადამიანებს არ აქვთ უფლება, მიიტაცონ და განახორციელონ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება. ჩვენ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ“,-განაცხადა კალაძემ.