თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ უკანონო მშენებლობებთან კავშირი მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს აღმოაჩნდა.
“დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა, ასევე, სხვა მოქალაქეებს. ასევე, უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არავისთან მიმართებაში არ ვაპირებთ უკან დახევას. ყველა, ვინც ჩადის უკანონობას, ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”, — განაცხადა მერმა.
დღეს მერიის გადაწყვეტილებით თვალჭრელიძის ქუჩაზე უნებართვოდ აშენებული სახლები დაანგრიეს.
18 დეკემბერს თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირეს. მათი ინფორმაციით, ინსპექციის თანამშრომლებმა, ვინაიდან მაცხოვრებლები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს და იქ მაცხოვრებლებს მოუწოდეს, განეხორციელებინათ მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თბილისის მუნიციპალური ინსპექცია შენობა-ნაგებობების დემონტაჟს აანონსებდა.