ფაქტია, რომ ოპოზიცია ემზადებოდა იმ სცენარისთვის, რასაც ვხედავთ, ეს ჩვენი ყველა ევროპელი პარტნიორისთვის ცნობილია და არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს – ისინი ამით აზიანებენ თავის თავს და ქვეყანას,- ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციასთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, არჩევნები არის აღიარებული და საერთაშორისო პარტნიორები მკაფიოდ მოუწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ ბოიკოტი.
“ჩვენმა კარგმა მეგობარმა, ჯეიმს აპატურაიმ პირდაპირ თქვა, რომ ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ქვეყანას. ამაზე უფრო მკაფიოდ, როგორ შეიძლება შეაფასო ეს პროცესი. როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი მოუწოდებთ, თავი დაანებონ ბოიკოტს. საქართველოს დღეს ჰაერივით სჭირდება სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი. ამაზე მკაფიოდ რა თქვან. ჩვენი საზოგადოებისთვის ნათელია, რომ საქართველოს ამ გამოწვევების ფონზე, როგორც არასდროს სჭირდება კონსოლიდაცია. არჩევნები არის აღიარებული. ეუთო\ოდირის მიერ ნათქვამია, რომ დაცული იყო ყველა ფუნდამენტური თავისუფლება, ამომრჩევლის მონაწილეობა იყო უპრეცედენტოდ მაღალი და პანდემიის პირობებეში დაცული ყველა სტანდარტებით. ხარვეზებზე საუბრობენ ყველგან. აიღეთ ეუთო/ოდირის დასკვნა ნებისმიერ ქვეყანაზე, სადაც ხარვეზებზე საუბარი არ არის. მით უფრო, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მზაობა არის. პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა ვისაუბროთ ამ საკითხებზე. ხელისუფლება მიდის იმაზე, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ყველაფერი ნათელია”,- განაცხადა ზალკალიანმა.