გალდავა: სოფელ წნელისთან პოლიციის პოსტის მოწყობას დეფაქტო რეჟიმის მიერ ტერიტორიის ჩაკეტვა მოჰყვა, რამაც გაართულა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადაადგილება

542

სოფელ წნელისთან საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიციის პოსტის მოწყობას დე ფაქტო რეჟიმის მიერ ტერიტორიის ჩაკეტვა მოჰყვა, რამაც პენსიონერებისთვის გაართულა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადაადგილება, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ, ახალგორის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გალდავა აცხადებს, ახალგორის რაიონში მაცხოვრებლები უკვე მეორე წელია იმყოფებიან ცხინვალის დე ფაქტო საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში, რადგან მათ ყველანაირი კავშირი გაუწყდათ სხვა რეგიონებთან.

“სოფელ წნელისთან საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიციის პოსტის მოწყობას მოჰყვა დე ფაქტო რეჟიმის მიერ ტერიტორიის ჩაკეტვა. ზემოაღნიშნულმა მდგომარეობამ ნეგატიური ასახვა ჰპოვა ახალგორის მაცხოვრებლებზე იმ თვალსაზრისით, რომ პენსიონერებისთვის გართულდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადაადგილება, ხშირ შემთხვევებში, ვერ ხდება მძიმე პაციენტების სამკურნალოდ თბილისში გადმოყვანა, განსაკუთრებით კი გადაუდებელი აუცილებლობის დროს, რადგან დე ფაქტო ხელისუფლების უწყებები ბიუროკრატიულად აყოვნებენ სამედიცინო ნებართვების გაცემას. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული დაბრკოლებების გამო, რამდენიმე შემთხვევა ფატალურად დასრულდა”, – აცხადებს გალდავა.

მისივე ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით კი ახალგორის რაიონში, კოვიდ პანდემიის ფონზე უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია შექმნილი და საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ უსწრაფესად მიიღოს ზომები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური სისტემების კოლაფსისგან დასაცავად, რაც გულისხმობს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის მდგომარეობის ხელისუფლების პრიორიტეტულ მიმართულებებში მოქცევას.

„ასევე, დიპლომატიური ხაზის გააქტიურებას რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ ხელი არ შეუშალონ ცხინვალის რეგიონში, ახალგორსა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურების გაწევას, სხვა რაიონებში მიმოსვლის თავისუფლებას.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ საქმის კურსში ჩააყენოს საზოგადოება, თუ რა სტრატეგია არსებობს პანდემიის პირობებში ახალგორის რაიონის, მთლიანად კი ოკუპირებულ რეგიონში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ და უსწრაფესად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პანდემიით გამოწვეული უმწვავესი კრიზისის აღმოსაფხვრელად, რაც პირველ რიგში, გულისხმობს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას როგორც მოსახლეობის მიმოსვლის თავისუფლების, ასევე პაციენტების სამედიცინო პერსონალით, მედიკამენტებით და სამედიცინო სტაციონარით უზრუნველსაყოფად”, – აცხადებს გალდავა.