ცქიტიშვილი: კახეთში 130 ათასი ბენეფიციარის წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე გათვლილი პროექტები მიმდინარეობს

328

130 ათასი ბენეფიციარის წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე გათვლილი პროექტები მიმდინარეობს კახეთში, საიდანაც 90 ათას ადამიანს პირველად ექნება ცენტრალური წყალმომარაგება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საგარეჯოს წყალმომარაგების პროექტში ხარვეზი აღმოჩნდა და კონტრაქტორი თავისივე ხარჯით ამ ხარვეზს ასწორებს.

“სამწუხაროდ, პრობლემურია საგარეჯოს წყალმომარაგების პროექტი, ხარვეზი აღმოჩნდა უშუალოდ გამოყენებულ მასალაში და კონტრაქტორი თავისივე ხარჯით ამ ხარვეზს ასწორებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს შორის სამუშაოების დაჩქარების მიზნით. რაც შეეხება თბილისი-საგარეჯოს ავტობანს, ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი პროექტი, რომელსაც პანდემიის და ბიუჯეტის სირთულეების მიუხედავად სახელმწიფო დაფინანსებით ვიწყებთ, ვინაიდან, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ასეთი ტიპის პროექტებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ რეგიონების განვითარებაში და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.