ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომლის საპილოტე ეტაპიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და დაახლოებით 1 თვეში დასრულდება, მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით 1000-მდე დასახლებული პუნქტი შეძლებს, მიიღოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.
საყოველთაო ინტერნეტიზაციასთან ერთად გაზიფიცირებასა და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამების სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას.
მისი განცხადებით, 2022 წლიდან ასევე 3 წლით გაგრძელდება გაზიფიცირების პროგრამა. ნათია თურნავას თქმით, 2019 – 2024 წლებში, ჯამში, დაახლოებით 600 დასახლებული პუნქტი მიიღებს ბუნებრივ აირს.
„ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაზიფიცირებული ქვეყანაა,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც მომავალში ასევე გაგრძელდება, უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციაა. მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა მაღალმთიან სოფლებზე, რომელთა ელექტრიფიკაციაც მიკრო ჰესებისა და მზის პანელების დამონტაჟების მეშვეობით ხორციელდება.