ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
დღეიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილი ნაკვეთების შესახებ ინფორმაციასა და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
მონაცემების გაცნობა შესაძლებელია ონლაინ, ბმულზე: https://napr.gov.ge/publishing; ასევე მატერიალური სახით: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში. მისამართი: ქ. ოზურგეთი, ვ. დოლიძის ქუჩა N10. მიწის სისტემური
რეგისტრაციის ფარგლებში დაბა გომის მთაზე საველე სამუშაოები 17 აგვისტოდან მიმდინარეობს. აღნიშნულ არეალზე საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა, დაინტერესებული პირების მითითების საფუძველზე, მთლიანობაში აზომეს 1631 მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით.
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (უძრავი ნივთის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2020 წლის 19 დეკემბრიდან 2021 წლის 16 იანვრის ჩათვლით მოგვმართოთ განცხადებით ადგილზე ან მითითებული ბმულის საშუალებით ონლაინ შეავსოთგანაცხადი. ამ დროის შემდეგ მონაცემების შესწორება შეუძლებელი იქნება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის N562 ბრძანებით განისაზღვრა.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებზე: ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში; ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციულ ერთეულებში; გ) ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციულ ერთეულებში; დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე.