საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ქუთაისში აგვისტოდან მიმდინარე 32 ქუჩის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება

348

ქუთაისში აგვისტოდან მიმდინარე 32 ქუჩის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ზოგიერთი მედიასაშუალებით ვრცელდება გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქუთაისის 32 ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტოდან დაიწყო, მათ შორის 2 ცენტრალური – აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბრში დაიწყო. სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები. ამ დროისთვის რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 10 ქუჩას. ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. 29 სარეაბილიტაციო ქუჩის საერთო სიგრძე 10 კმ-ზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ, უსაფრთხო და კომფორტული გახდება ქუთაისის ქუჩებში გადაადგილება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, მუდმივად მზად არის უპასუხოს შეკითხვებს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.