2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მეათე ფორუმს უმასპინძლებს

328

2021 წელს ქალაქი ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მეათე საკონსულტაციო ფორუმს უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი საქართველოს მხრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ხოლო ევროპის საბჭოს მხრიდან – გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების აღმასრულებელმა მდივანმა სტეფანო დომინიონმა მოაწერეს.

„2021 წლის 29 სექტემბერიდან 1-ელ ოქტომბრამდე საერთაშორისო ფორუმს ქუთაისი უმასპინძლებს. საკონსულტაციო ფორუმი წარმოადგენს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ქსელების ოპერატორების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ყოველწლიურ შეხვედრას ტურიზმის, მემკვიდრეობისა და კულტურის სფეროში. იგი კულტურული მარშრუტების ღონისძიებების პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ხელმოწერის ცერემონიას საპატიო წევრის სტატუსით ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა 2021 წლის ფორუმისთვის მომზადებული კლიპის პრეზენტაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.