ქუთაისს კიდევ 14 ახალი ავტობუსი მოემსახურება

443

ქუთაისის მერიამ კიდევ 14 ახალი მუნიციპალური ავტობუსი შემოიყვანა, – ამის შესახებ ქუთაისის ახალმა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ერთეული სატრანსპორტო საშუალებები უკვე ქალაქშია, უფრო დიდი ზომისაა და საქალაქო ქსელში ახალი წლიდან ჩაერთვება. მერის განმარტებით, გადამზადებას გაივლიან მძღოლებიც.

“უკვე 24 ერთეული ავტობუსი გვყავს. ახლა დასათვლელი გვაქვს ღირებულება, შესარჩევია სტაფი, განსასაზღვრია ახალი სვლა-გეზები. სატრანსპორტო სისტემა მთლიანად ახლებურად მოეწყობა, რაც მოგვცემს როგორც კომფორტული, ასევე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას. იქნება მოწესრიგებული გადახდის სისტემა და იქნებიან მოწესრიგებული უნიფორმაში ჩაცმული მძღოლები,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

​იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და შშმ პირებმა ახალი ტრანსპორტით სარგებლობა სრულყოფილად უნდა შეძლონ.

“მომზადდა პანდუსების ე.წ ინვენტარიზაცია. ქალაქის ცენტრში სად რა ადგილას არის პანდუსი გასაკეთებელი ან შესაკეთებელი. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, იმერეთში 27 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს მომავალ 2 წელიწადში და გვაქვს შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ. გაჩერებების ადაპტირება ერთია და იქამდე მისვლა მეორე. იქნება ჯიპიეს სისტემები, გაჩერებაზე იქნება ტაბლოები. ჩვენ ნელ-ნელა შევეცდებით ქუთაისის ტრანსპორტი გავხადოთ შესაბამისი თანამედროვე მოთხოვნებთან,”-ამბობს ხახალეიშვილი.

ქუთაისის მერის განცხადებით, სტუდენტები სამგზავრო ტარიფებთან დაკავშირებით შეღავათების დაწესებას ითხოვენ, რაც ფინანსურად რთული საკითხია. მისივე განმარტებით, განიხილება რამდენიმე მიმართულება, მათ შორის თანადაფინანსება უნივერსიტეტების ან იმ მუნიციპალიტეტების მხრიდან, სადაც სტუდენტები რეგისტრირებული არიან.

ქუთაისს 10 ახალი ავტობუსი ნოემბრის ბოლოსკენ გადაეცა. ამ დროისათვის ქალაქმა ჯამში 24 ერთეული სატრანსპორტო საშუალება მიიღო. ჯამში ქუთაისს 60 მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაეცეს.