ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, სტრასბურგში გასაჩივრდება – ამის შესახებ ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
პარტიის ლიდერები ავტორიტარიზმად მიიჩნევენ ირაკლი კობახიძის მუქარას კანონპროექტების ინიცირების შესახებ. მათი თქმით, ხელისუფელებას შანტაჟით არაფერი გამოუვა და ოპოზიცია ისევ გააგრძელებს ბრძოლას ახალ არჩევნებამდე.
“არ სურთ, რომ ქვეყანაში ისმოდეს ოპოზიციური ხმა და განსხვავებული აზრი. მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ იმიტომ არ დაგვითმია საპარლამენტო მანდატები, და იმიტომ არ ვთქვით უარი პარლამენტზე, რომ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილის ეს ქვეყანა, ბრძოლა გაგრძელდება მანამდე სანამ არ დაინიშნება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები”, – ამბობს “ენმ”-ის წევრი, ზაალ უდუმაშვილი
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატებს, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, არამხოლოდ მანდატებს შეუჩერებენ, არამედ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსებასაც შეუწყვეტენ. ამასთან, მისი თქმით, დააინიცირებენ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.