ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს

707

ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ზურაბ ჯაფარიძის თანაშემწემ ნინა საჯაიამ განუცხადა, პარტია დარეგისტრირდება სახელით “მეტი თავისუფლება-გირჩი”.

“ძველი პარტია, რომელიც იყო “გირჩი”, მას ოფიციალური დასახელება ჰქონდა – ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”, მაგრამ ამას ასე არავინ მოიხსენიებდა. ახლა უბრალოდ, ფორმალურად ჩავწერთ “მეტი თავისუფლება – გირჩი” და ვიქნებით ისევ “გირჩი” და უბრალოდ ფორმალურ ნაწილში ეწერება აღნიშნული სახელი, თორემ სახელს არ ვთმობთ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ორი “გირჩი” იქნება და გაჩნდება ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია და ხალხი თვითონ აირჩევს რომელი “გირჩისკენ” გადაიხრება. რაც შეეხება პარტიის ლოგოს, კანონში მთავარი მოთხოვნა წერია, რომ არ იყოს ზუსტად იმნაირი, როგორიც არის “გირჩის” ლოგო, აქედან გამომდინარე, ერთი წერტილიც რომ მივუმატოთ დარეგისტრირდება, როგორც ლოგო. ანუ ლოგოშიც დიდი განსხვავება არ იქნება”, – განაცხადა ნინა საჯაიამ.

როგორც ნინა საჯაიამ აღნიშნა, 26 დეკემბერს პარტიის ყრილობაზე დაახლოებით 400-მდე ადამიანი იქნება შეკრებილი.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. “ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას”, – წერს ჯაფარიძე. მოგვიანებით კი, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება.