კალაძე: ცოტა მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცხადი პარტიის ყრილობასთან და ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს

306

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან “წასვლისა“ და პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნის თაობაზე პარტიაში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.

როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, როცა ყველაფერი ცხადი იქნება, მედიაც გაიგებს და საზოგადოებაც.

„ცოტა მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცხადი პარტიის ყრილობასთან და ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გადაწყვეტს. პარტიაში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. როცა ყველაფერი ცხადი იქნება, თქვენც გაიგებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც“,-განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, „ფორმულამ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი უკვე მეორედ წავა პოლიტიკიდან.