ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
კალაძემ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, რომ არსებული ეპიდვითარების გამო, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას მოქალაქეები ვერ ესწრებოდნენ და ღონისძიების ნახვა მხოლოდ პირდაპირი ეთერის საშუალებით იყო შესაძლებელი.
„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო იმიტომ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ერთმანეთის სიცოცხლეს. დღეს ბარბარობაა და მინდა მოგილოცოთ, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომითა და სოლიდარობით. პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ. ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით. ეს საახალწლო განათებები, ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნაა, არამედ გამოწვევა, არშეგუებაა იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო.
ჩვენ წელს ვაცხადებთ თბილისს სოლიდარობის ქალაქად, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს ქვეყანაში გვაქვს. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, ზუსტად ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და კოვიდ 19-ს. მეგობრებო, სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მშვენიერია. დარწმუნებული ვარ, ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს. ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე იმ იმედით, რომ 2020 წელი იქნება გამარჯვებების, მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წელი“,- განაცხადა კალაძემ.