კალაძე: ახალი წლის და საახალწლო დღეების სლოგანი იქნება „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“

584

ამ ახალი წლის და საახალწლო დღეების სლოგანი იქნება „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გახსოვთ, როგორი თანადგომის, გუნდურობის მაგალითი გვანახეს ახალგაზრდებმა 13 ივნისს, როდესაც ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩვენს ქალაქს და გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ტრაგედიის დღეებში. მაშინ მგლოვიარე თბილისის ნუგეში ჩვენი ერთობა იყო. სტიქიის და ტრაგედიის წინააღმდეგ დადგა ყველა, ვისაც როგორ და რა შესაძლებლობებიც ჰქონდა. იგივე გვინდა ახლაც, იმიტომ, რომ სოლიდარობაშია ძალიან დიდი ძალა და გადარჩენა. ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ერთობა, ერთიანი საზეიმო განწყობის შექმნა, კეთილი სიტყვა, კეთილი გულით გაკეთებული საქმეები, რომ ბავშვები არ დაითრგუნონ, მოხუცებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი. თბილისელებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დაძაბულობა და შფოთი მოეხსნათ და თუნდაც სულ პატარა საზეიმო განწყობა შეიქმნას. სოლიდარობა გადაგვალახინებს შიშსაც, პანდემიასაც. ჩვენ ახალი იმედებით დავიწყებთ ახალ წელს – ყველა ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით. ამ ახალი წლის და საახალწლო დღეების სლოგანი იქნება „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.