მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების დარეგულირების მიზნით პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანს მიმართავს. ანა დოლიძის მიმართვა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანას შეეხება.
მიმართვის ორი ძირითადი მოთხოვნა პანდემიისგან გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 2020-2021 სასწავლო წლისთვის სასწავლო გადასახადის განახევრება და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს 2019-2020 სასაწავლო წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტუდენტის სტატუსის აღდგენაა.
,,სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 75803 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6 % – ია, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში, რადგან ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს. არადა, განათლების უფლება კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში, უნდა მოხდეს დამატებითი რეგულაციის განსაზღვრა და მის უზრუნველყოფა. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებს დაემატოს 881 მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 881. საქართველოში პანდემიური მდგომარეობის გამო სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა 1)პანდემიისგან გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 2020-2021 სასწავლო წლისთვის განახევრდეს სასწავლო გადასახადი. 2)სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს აღუდგეთ 2019-2020 სასაწავლო წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტუდენტის სტატუსი. სტატუსშეჩერებული სტუდენტებითვის სწავლის საფასურის განახევრების მოთხოვნით ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა“ Manifest.ge-ზე პეტიცია გამოაქვეყნა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში 9 ათაზე მეტი მოქალაქე შეუერთდა“, – ნათქვამია ანა დოლიძის მიმართვაში, რომელსაც მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.