აჭარის უმაღლესმა საბჭომ რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომას 14 დეპუტატი დაესწრო. რესპუბლიკის 2021 წლის ბიუჯეტის შეადგენს 328 მილიონ 474 ათას ლარს. პრიორიტეტებია ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტები.
„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ბიუჯეტი პასუხობს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და პანდემიით შექმნილ პრობლემებს.
„დავთმეთ რაც დასათმობი იყო და არ დავთმეთ ის, რაც არ იყო დასათმობი. შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები. თანხები მაქსიმალურად არის მობილიზებული მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ილია ვერძაძემ.
აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ რეგიონში გაგრძელდება ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტი, როგორებიცაა გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპის განხორციელება, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც სოციალური პროექტების განხორციელებას და კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება. სასურსათო კალათების მიწოდება მოქალაქეებისთვის პროგრამულ სახეს მიიღებს, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდება. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა კვლავ რჩება პრიორიტეტად, რისთვისაც ბიუჯეტი მილიონი ლარით გაიზარდა. ტურიზმის დეპარტამენტი კვლავ აგრძელებს კოვიდ-სასტუმროების მართვას. იზრდება სარეზერვო ფონდი, რაც მოქალაქეების საჭიროებებს, ჯანდაცვის საკითხებს მოხმარდება.
ასევე, მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი (3 მლნ ლარი). იზრდება განათლების ინფრასტრუქტურის დაფინანსება, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მეტ ბავშვს მიეცემა თანამედროვე გარემოში სწავლის გაგრძელების საშუალება. 2021 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გაგრძელდება სტუდენტთა, დაგეგმილია უმაღლესი დაწესებულებების განვითარების მხარდაჭერა, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ლექტორ-მასწვლებლების ანაზღაურების კუთხით.
პრიორიტეტად რჩება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. გაგრძელდება კულტურის სფეროში მოღვაწე პირების, თავისუფალი ხელოვანების, ორგანიზაციების მხარდაჭერა. 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საოჯახო მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსება. აქცენტი გაკეთდება ბიო-მეურნეობის განვითარებაზე. გაგრძელდება ხვნა-თესვის პროგრამა, ასევე არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება.