უგულავა “ოცნების” კანონპროექტზე: ეს არის არაკონსტიტუციური ბოდვა, პარტიები კონსოლიდირდებიან

376

წინა სტატია

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ეხმაურება ქართული ოცნების კანონპროექტს, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის ქვეშ მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული და ამბობს, რომ პარლამენტში რეგისტრირებული პროექტი ანტიკონსტიტუციურია.

უგულავას თქმით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან და მათ გაუქმება არ ემუქრებათ. მისი შეფასებით, ოპოზიციის ბოიკოტი შედგა.

“არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვნებისთვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვნას, უკვე დეფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე, პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანონსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში და ფაქტი არის ერთი, რომ ბოიკოტი შედგა და ივანიშვილს სტკივა თავის გაყალბება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის ქვეშ მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული. კობახიძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან.

ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზეს.

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.

სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო.