ნაცვლიშვილი: კობახიძის გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად – სამწუხარო, სამართლებრივად – ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად – დამარცხებული ძალის ხმა

365

წინა სტატია

უმრავლესობის ლიდერის დღევანდელი გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად – სამწუხარო, სამართლებრივად -ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად- დამარცხებული ძალის ხმა, – ასე შეაფასა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ლიდერის მიერ დღეს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები.

მისი თქმით, თუ უმრავლესობის ლიდერი საჯაროდ მსგავსი დამაშანტაჟებელი ტონით ესაუბრება ოპოზიციონერ ლიდერებს, კითხვებსაც აღარ აჩენს, თუ როგორ ესაუბრებიან ისინი საჯარო მოხელეებსა და მათზე დაქვემდებარებულ სხვა ადამიანებს არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით.

„პირველ რიგში, როდესაც ასეთი ძალადობრივი და დამაშანტაჟებელი ტონით ესაუბრება უმარვლესობის ლიდერი დღისით, მზისით მთელი ქვეყნიერების გასაგონად ოპოზიციის ლიდერებს, ამის შემდეგ ვინმეს შეიძლება ეჭვი დარჩეს იმასთან მიმართებით, დახურულ კარს მიღმა როგორ დაელაპარაკება ეს პარტია საჯარო მოხელეებს, აიპების თანამშრომლებსა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო ინსტიტუციებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებზეც ზეგავლენის ბერკეტები მათ აქვთ, რომ მათგან მიიღონ საარჩევნო მხარდაჭერა? შეიძლება ვინმეს კიდევ დარჩეს კითხვის ნიშანი, სადაც მედია არ არის და სადაც კონტროლი არ არის, იქ რა ტონით და რა მიმართებით აქვთ მათ ურთიერთობა? ანუ ახლა ელაპარაკება ოპოზიციის ლიდერებს და მათდამი დაქვემდებარებულ პირებს როგორ აიძულებენ საარჩევნო პროცესებში ჩართვას, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ, ამაზე კითხვაც აღარ ჩნდება, იქ რას იზამენ, რომ თავის საწადელს მიაღწიონ. მე პირადად აღარანაირი კითხვა აღარ მრჩება, თვითონ ხსნის ყველა ფრჩხილს და აჩვენებს ძალადობრივ მუქარასა და შანტაჟზე დაფუძნებულ ბუნებას „ქართული ოცნების“,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის, „ქართული ოცნების“ ეგზისტენციალურ ამოცანას ოპოზიციასთან დაპირისპირება წარმოადგენს.

„სახელმწიფოებრივად ეს არის ძალიან სახიფათო სიტუაცია, როდესაც უმრავლესობა ამაზეა წამსვლელი და მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს უმწვავესი გამოწვევები და ქვეყნის მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა ფიზიკური და ემოციური გაგებით გადარჩენისთვის, ეგზისტენციალურად ამოცანად უმრავლესობას დასახული აქვს ოპოზიციასთან ბრძოლა. პოლიტიკურად გამარჯვებული ძალა ასე არ ლაპარაკობს, ეს არის დამარცხებული ძალის ხმა. სამართლებრივადაც არაკონსტიტუციურია, რასაც კობახიძე ამბობს და აანონსებს. კონსტიტუცია მარტო დაწერილი ტექსტი ხომ არ არის, მას აქვს სულისკვეთება, ლოგიკა, პრინციპები და ღირებულებები და ყველას წინააღმდეგ გალაშქრებაა ეს, რასაც აკეთებს,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება – შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.