E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების განსაახლებლად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენელმა, ჰე პენმა მოაწერეს.
აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტს, მსოფლიო ბანკი აფინანსებს და სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 264 992 488 ლარია.
,,ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთი, უკვე ექსპლუატაციაში შესული ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, რომელიც ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთს მოიცავს. ხაშურის შემოვლითმა გზამ, მნიშვნელოვნად განტვირთა ქალაქი ხაშური საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად ხორციელდება ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდა და ამ გზის გავლა 20 წუთის ნაცვლად 10 წუთშია შესაძლებელი. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის საშუალებით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას დაუერთდება. ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, საერთო ჯამში მოიცავს: 14 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზას, 21 ხიდს, 5 გვირაბს, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელებს, წყალგამტარ მილებს და სადრენაჟე სისტემებს. პროექტი შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას. თბილისდან, რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი დრო 30 წუთით შემცირდება, გზის გამტარუნარიანობა კი 4-ჯერ გაიზრდება, გზა საერთაშორისო და უსაფრთხოების სტრანდარტების დაცვით შენდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.