“ადამიანის უფლებათა ცენტრი” “2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს რეგიონებში” ანგარიშს აქვეყნებს

414

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” “2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს რეგიონებში” ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში მიმოიხილავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს, ასევე, არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგებს აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები აჭარის რეგიონში.

ამასთან, კვლევის თანახმად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხშირად ჰქონდა ადგილი ძალადობრივ ინციდენტებს. სამართალდამცავი ორგანოები, რიგ შემთხვევებში, ადეკვატურად არ რეაგირებდნენ და დამნაშავეებს არ აძლევდნენ პასუხისგებაში.

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად გამოყოფილი სოციალური დახმარება, სასურსათე კალათები, მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაურიგეს მოსახლეობას. მსგავსი საქმიანობა მაჟორიტარი დეპუტატების კომპეტენციას არ მიეკუთვნება, რაც წარმოქმნის ეჭვს რომ მის რეალურ მიზანს მოახლოებულ არჩევნებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოსახლეობაში კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოპოვება წარმოადგენდა. ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებას წარმოადგენს ასევე მმართველი პარტიის ლიდერების მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებისა და საზოგადოებასთან აფიშირების ხშირი შემთხვევები. ხაზი უნდა გაესვას, რომ რიგ შემთხვევებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან. შესაბამისად, აშკარაა რომ მსგავსი ერთობლივი „მონახულებებისა“ და ამის შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების რეალურ მიზანს წარმოადგენდა მაჟორიტარი კანდიდატებისათვის კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოპოვება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხშირად ჰქონდა ადგილი ძალადობრივ ინციდენტებს. სამართალდამცავი ორგანოები, რიგ შემთხვევებში, ადეკვატურად არ რეაგირებდნენ და დამნაშავეებს არ აძლევდნენ პასუხისგებაში”, – ნათქვამია კვლევაში.

ამავე ანგარიშის თანახმად, მსგავს შემთხვევას წარმოადგენდა, მაგალითად, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის მხრიდან ხულიგნობის ნიშნების შემცველი ქმედება.

„მიუხედავად იმისა, რომ მასმედიით გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა ნათლად მიუთითებდა ენზელ მკოიანის მხრიდან ხულიგნობის ნიშნების შემცველი ქმედების ჩადენას, მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. იმერეთის რეგიონში, კერძოდ – ქუთაისში, ზაფხულის თვეებში, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე სკვერების მოწყობის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. 8 სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება, საერთო ჯამში, მილიონ ლარს აღემატებოდა. სკვერები საკრებულოს მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების მონაწილეობით გაიხსნა. არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მათში საკრებულოს მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების მონაწილეობა აჩენს ეჭვს, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა მოახლოებულ არჩევნებში მოსახლეობის კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოპოვება. არჩევნების დღეს განსაკუთრებით პრობლემური იყო საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე მმართველი პარტიის კოორდინატორებისა და აგიტატორების მიერ უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების შეჩერება და მათი აღრიცხვა, რაც ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედებას წარმოადგენს და ხელს უშლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას. მსგავს ქმედებებს ადგილი ჰქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით. კენჭისყრის პროცესში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი დარღვევები. თუმცა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ბევრი შემთხვევა გამოვლინდა მთელი საქართველოს მასშტაბით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო რაოდენობით შემაჯამებელი ოქმი შესწორდა. ეს კი წარმოაჩენს კომისიის წევრთა კვალიფიკაციისა და გადამზადების კუთხით მნიშვნელოვან პრობლემებს”, -აღნიშნულია კვლევაში.

სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: