კალაძე აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟზე: საფუძვლიანი ეჭვია, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან

363

წინა სტატია

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან განმარტა, თუ რატომ განახორციელა თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟი.

კალაძის თქმით, ისინი არ ითვალისწინებენ არცერთ გაფრთხილებას და უკანონო ქმედებებს აგრძელებენ.

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება, მიწის დატაცება და უკანონო მშენებლობა კანონით დასჯადია, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არცერთ გაფრთხილებას და ამ უკანონო ქმედებებს აგრძელებენ.

სახელმწიფოს მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის სხვაგვარად შეჩერება შეუძლებელია“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის მომხადარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული.