საია მოუწოდებს ქალაქის მერიას, აფრიკის დასახლებაში შეაჩეროს დემონტაჟის პროცესი და გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა

375

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს აფრიკის დასახლებაში დემონტაჟის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“საია ეხმაურება 15 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესს და მოუწოდებს თბილისის მერიას შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.

25 ნოემბერს ქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის შეხვედრაზე განაცხადა და მუნიციპალური ინსპექციის უფროსს დაავალა, რომ უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დროულად განხორციელდეს. აღნიშნულ შეხვედრაზე მერიას არ წარმოუდგენია ხედვა ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში იქ მცხოვრები პირების მდგომარეობის შესახებ, რომლებიც დიდი ალბათობით აღმოჩნდებიან ქუჩაში. მერიას საჯაროდ არ შეუთავაზებია იქ მცხოვრებთათვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები.

მერიის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მიუღებელია მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს COVID-19-ის პანდემია. გლობალური COVID-19 პანდემიის მიერ შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი დამატებითი გამოწვევაა უსახლკარო ადამიანებისთვის. თბილისის მერიის აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქის მთავრობას არ გააჩნია მგრძნობელობა ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ. ნაცვლად ჰუმანური პოლიტიკის გატარებისა, მერია ამგვარ ნაგებობებში მცხოვრებ პირებს ტოვებს ღია ცის ქვეშ, რაც განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აყენებს მათ. უსახლკარო ადამიანებში ვირუსის გამწვავების ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი უსაფრთხო და სათანადო საცხოვრებლის არარსებობაა. COVID-19 – ის სწრაფი გავრცელების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან დგანან მიუსაფარი ადამიანები. ქუჩაში ღია ცის ქვეშ ადამიანების დატოვება ზღუდავს მათ წვდომას ჰიგიენისა და სანიტარული საშუალებების, შესაბამისი ჯანდაცვის სერვისებზე.

უსახლკაროთა პრობლემებზე წლებია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის განცხადებით „არ არსებობს უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა ერთიანი და რიგ მუნიციპალიტეტებში – ადგილობრივი მონაცემთა ბაზების უქონლობა, შეზღუდული საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები, თავშესაფრებსა და სოციალურ საცხოვრისებში მოთავსებული პირებისთვის მხარდამჭერი პროგრამების არარსებობა, ხოლო ცალკეულ მუნიციპალიტეტებში – მათი არაეფექტიანობა“.

ყველა ეს პრობლემა პანდემიის და შემოღებული შეზღუდვების პირობებში კიდევ უფრო გამწვავდა, ხოლო მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო პრობლემურს ხდის არსებულ რეალობას და ნაცვლად სახელმწიფოს მხარდაჭერისა, ამ ადამიანების წინააღმდეგ იყენებს რეპრესიულ პოლიტიკას.

შესაბამისად, მოვუწოდებთ, თბილისის მერიას: შეაჩეროს შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესი, რათა იქ მცხოვრები პირები არ აღმოჩნდნენ ქუჩაში ღია ცის ქვეშ. გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა და ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში, იქ მცხოვრები პირები უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებელი ფართებით.

საქართველოს ხელისუფლებას: COVID-19-ის პანდემიის დროს, შეაჩეროს უსახლკარობის პირას მყოფი ადამიანების უძრავი ქონების აღსრულება, მათ შორის შეაჩეროს ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟი”, – ნათქვამია განცხადებაში.