ISFED-ის ხელმძღვანელი: ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ, რადგან ამ სიტუაციაში მაქსიმალური გავაკეთე

421

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ მან, როგორც დირექტორმა შექმნილ ვითარებაში ყველაფერი გააკეთა. როგორც ნიჟარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განმარტა, ორგანიზაციამ არჩევნების ჩატარებას ძალიან მაღალ დონეზე გაართვა თავი.

„ამ შემთხვევაში, ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ, რადგან ამ სიტუაციაში მაქსიმალური გავაკეთე. მე, რაც მევალებოდა როგორც დირექტორს, რომ ჩაგვეტარებინა, მგონია, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ. ორგანიზაციამ ძალიან მაღალ დონეზე გაართვა ამას თავი. კითხვის ნიშნები გაჩნდა, ჩავატარეთ აუდიტი, დავადგინეთ, რომ ხარვეზი გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ეს საზოგადოებისთვის გაგვეცნო“,-განაცხადა ნიჟარაძემ.

მისი განმარტებით, პროგრამაში მცირე ხარვეზი დაფიქსირდა, რამაც არჩევნების შედეგებთან მიმართებით ცდომილება გამოიწვია. თუმცა, ნიჟარაძის თქმით, ამას გავლენა არ მოუხდენია მანდატების რაოდენობაზე არცერთი იმ პარტიის მიმართ, რომელმაც საარჩევნო ზღვარი გადალახა.

„ჩვენ პროგრამაში დაშვებული გვქონდა მცირე ხარვეზი, რამაც 3 პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია ჩვენსა და ცესკო-ს მონაცემებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცდომილება იმდენად მცირე ხარისხის იყო, რომ გავლენა არ მოუხდენია მანდატების რაოდენობაზე არცერთი იმ პარტიის მიმართ, რომელმაც ზღვარი გადალახა. ამ შემთხვევაში ჩვენი და ცესკო-ს მონაცემებით, პირველი ტურის შემდგომ ამ პარტიების მანდატები იდენტური იყო. მმართველი პარტიის სტრატეგიაა ის, რომ ეს წარმოაჩინოს, როგორც მთავარი პრობლემა ამ არჩევნებზე, რაც მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამ არჩევნების პრობლემა არ ყოფილა ის მცირედი ხარვეზი, რომელიც იყო და ჩვენ ამის შესახებ ვთქვით, რადგან საზოგადოებას ჰქონდა უფლება, სიმართლე სცოდნოდა. მთავარი პრობლემა იყო შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი, რაზეც პასუხი არ მივგვიღია და საარჩევნო ადმინისტრაციამ დაგვიმალა ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია ეს დისბალანსი. არ მოხდა ამ მასალების გადათვლა. მიმაჩნია, რომ ეს შეგნებულად მოხდა, რადგან მათ იცოდნენ, რომ პრობლემები ჰქონდათ და შეიძლება ითქვას, რომ მათ დამალეს ეს მიზეზები. უსერიოზულესი პრობლება იყო ასევე „კარუსელები“,-განაცხადა ნიჟარაძემ.

მისი განმარტებით, ორგანიზაციისთვის უცნობია, თუ რა იყო ამის მიზეზი.

„ცესკო მიიჩნევს, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ გაყალბება იყო. ამაზე უნდა გაეცა საარჩევნო ადმინისტრაციას ძალიან დასაბუთებული, ობიექტური პასუხი და რომ არ გასცა, ეს ამყარებს იმ ეჭვებს, რომ გაყალბება ან ისეთი სერიოზულ დარღვევები იყო, რომ დაგვიმალეს“,-განაცხადა ნიჟარაძემ.

მისი განმარტებით, პარლამენტის სხდომის პირველ დღეს მონაცემების გამოქვეყნება ერთმანეთს არ უკავშირდება.

„სამწუხარო ფაქტი ყველამ ვნახეთ, რომ ერთპარტიული პარლამენტი შედგა. ვფიქრობ, ეს საპარლამენტო ცხოვრებაში ძალიან მძიმე ფაქტი იყო. ეს პარლამენტის პირველ სხდომასთან კავშირში არ იყო“,-განმარტა ნიჟარაძემ.

მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციაში ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვვანიას მეუღლე მუშაობს, თუმცა, ნიჟარაძე გამორიცხავს ვერსიას იმის შესახებ, რომ მას გარკვეული გავლენა მოეხდინა მონაცემებზე ან მისი მხრიდან ინფორმაცია გაჟონილიყო.

„თამარ ჟვანის მეუღლე ორგანიზაციაში ძალიან დიიდ ხანია მუშაობს, თუმცა, მას პოზიციიდან გამომდინარე, არავითარი შეხება არ აქვს არჩევნების დაკვირვებასთან და განსაკუთრებით, მეთოდოლოგიასთან და პროგრამასთან. ჩემი მხრიდან აბსოლუტურად გამორიცხავ იმას, რომ მას რაღაც გავლენა მოეხდინა ამ მონაცემებზე ან მისი მხრიდან ინფორმაცია გაჟონილიყო, რადგან მან უბრალოდ, ეს ინფორმაცია არ იცის პოზიციიდან გამომდინარე“,-განაცხადა ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებმა“ (ISFED) 11 დეკემბერს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.