მარნეულის ოთხ სოფელში სკოლებთან მისასვლელი გზის მოასფალტება იგეგმება

314

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ცოფში, ხულდარაში, შულავერსა და ქუთლიარში საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზების მოასფალტების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის მერია ოთხი სოფლის სკოლამდე მისასვლელი გზის პროექტირებაში 13 940 ლარამდე დახარჯავს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ოთხივე სოფელში სკოლებამდე მისასვლელ გზას 2021 წელს დააგებენ.

„ეს ტენდერი ახლა იმიტომ გამოცხადდა, რომ 2021 წელს შესრულდეს სამუშაოები. ოთხივე გზის დაგებისათვის სავარაუდოდ 600 000-მდე ლარი დაიხარჯება,“ – განაცხადა ვუგარ მამედოვმა.

სკოლებამდე მისასვლელი გზის დაგების ზუსტი ხარჯები საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადების შემდგომ იქნება ცნობილი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ცოფის, ხულდარის, შულავერისა და ქუთლიარის სკოლებთან მისასვლელ გზებზე უნდა მოეწყოს ორფენიანი ასფალტირებული გზა, ასფალტო ბეტონის საფარი, საჭიროების შემთხვევაში სანიაღვრე სისტემა და მისაყრელი გვერდულები. გზების სიგანე ადგილზე პროექტირების პროცესში განისაზღვრება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 4 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 13-დან 15 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.