ISFED-ის ხელმძღვანელი პარალელურ დათვლაზე: მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება – ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა, თუმცა, ეს არის რეალობა

444

წინა სტატია

ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს,- ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიჟარაძე აღნიშნავს, ორგანიზაცია შეეცადა მაღალი სტანდარტი დაეცვა და რაღაცებზე თვალი არ დაეხუჭა.

„ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ეხლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია. მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ჰქონია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის.

პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას.

ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა.

ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე“, – წერს ნიჟარაძე.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განახლებული მონაცემების თანახმად, “ქართულ ოცნებას” 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა.