პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებული ანგარიში ოპოზიციის პოზიციებს ასუსტებს.
როგორც მან განაცხადა, ეს ოპოზიციის პოზიციაზე დარტყმაა.
„სიმართლე გითხრათ, დასკვნა სამჯერ გადავიკითხე. თავიდან არ ვუჯერებდი, მეგონა, რომ „ფეიკი“ იყო, რადგან ISFED-ი ისტორიულად, რაც ჩვენთან არჩევნები ტარდება, ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციაა – „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც ყველა ვენდობით. როდესაც ISFED-ი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას. გულწრფელად ვიტყვი, ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე“,- აღნიშნა ელისაშვილმა “რუსთავი2”-ის ეთერში.
ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.