დღეიდან მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან და პრემიერმა მთავრობის შემადგენლობა უნდა დაასახელოს

283

საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა. დღეიდან მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან და პრემიერმა მთავრობის შემადგენლობა უნდა დაასახელოს.

საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით.

პარლამენტმა პრემიერმინისტრის მიმართვა ცნობად მიიღო.

პარლამენტი ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა, რის შემდეგაც განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.